„მოდი „მოსამართლის“ მხრიდან შევხედოთ - ის ფიქრობს, დამირეკავენ და იმას ვიზამ, რასაც დამავალებენ, მე ვარ პირველი ან უკანასკნელი?“ - ზურაბ ერისთავი

„თავისუფალი სასამართლოს სურვილი (თუნდაც გულწრფელი) არაა საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს“, - კომპანია RENTALS-ის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ გვიკვირს, რატომ არ არის სასამართლო თავისუფალი. ეს გაკვირვება ძალიან მიამიტურია.

მე, ჯერ კიდევ, კომუნისტურ წყობაში დავიბადე, სადაც სასამართლო არ და ვერ იქნებოდა თავისუფალი. ვინც ჩემი ასაკის ხართ, გეხსომებათ, იმდროინდელი, „ფულიანი“ პროკურორ-მოსამართლეები და მათი ბედის მოშურნე, ჩვენი თანატოლები, რომლებიც „იურიდიულზე“ მხოლოდ იმიტომ აბარებდენ, იმიტომ, რომ „ფული ეშოვნათ“. ცხადია, ყოველთვის იყვნენ გულიანი და სინდისიანი ხალხი ამ სფეროში, მაგრამ რა იყო მათი თავისუფლების ხარისხი?!

შემდეგ იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. ყველას ხელში სასამართლო იარაღი იყო. სააკაშვილის დროს უსამართლობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამ პიკში გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო და ნაცვლად იმისა, რომ გაეწმინდა ის, პირიქით, შეისისხლხორცა. ძველი რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები დაწინაურდნენ კიდეც. იქნებ მე არ ვიცი და რომელიმე პროკურის ან მოსამართლის მიმართ არის აღძრული საქმე და დადგარა გამამტყუნებელი განაჩენი?

ახლა მოდი „მოსამართლის“ მხრიდან შევხედოთ ამ ლოგიკას. ის ფიქრობს, სასამართლო არასდროს ყოფილა თავისუფალი და რაღა მე დავეტაკო სისტემას? დამირეკავენ და იმას ვიზამ, რასაც დამავალებენ (სხვა გზა მაინც არ მაქვს). რა, მე ვარ პირველი ან უკანასკნელი? მე რომ ეს არ გავაკეთო, სხვა ამას არ გააკეთებს ჩემს ნაცვლად?

იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი სასამართლოს სურვილი (თუნდაც გულწრფელი) არაა საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს. ამისთვის სრულიად სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კრიტიკულობის, პასუხის მოთხოვნელთა არმიის ანუ საზოგადოების ზრდაა საჭირო.

მგონია, რომ ახლა პირველად ვდგევართ ამ სწორ გზაზე.

გაუმარჯოს პასუხისმგებლიან მოქალაქეს და პასუხისმგებლიან საზოგადოებას!“, - წერს ზურაბ ერისთავი სოციალურ ქსელში.

მერი ტაბატაძე