2024 წელს დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ავრცელებს.
„სააგენტოში (GCCA), 2024 წლის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 890 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6350 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა - 70% ქალი და 30% მამაკაცი.
2024 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 3% და სხვა რეგიონები.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 317, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 253, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 147, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 47, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 37, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 35, ხოლო სხვა დანარჩენზე 54.
ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.