„გაზპრომმა“ შესაძლოა, ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა, დაახლოებით, 40% ან კომპანიის მთლიანი პერსონალის 0.3% შეამციროს.
ინფორმაციას TASS “გაზპრომის” ოფიციალურ წარმომადგენელ სერგეი კუპრიანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე მედიაში “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ელენა ილიუხინას წერილის ასლი გავრცელდა, რომელიც კომპანიის მმართველ ალექსეი მილერის მიმართ იყო მიწერილი. ილიუხინა მილერს მიმართავს წინადადებით, რომ ცენტრალურ აპარატსა და სანქტ-პეტერბურგის ფილიალში თანამშრომლების რაოდენობა 4,100-დან 2,500-მდე შემცირდეს.
კერძოდ, წერილში ილიუხინა წერს, რომ სახელფასო ფონდმა 50 მლრდ რუბლს (485,4 მლნ დოლარს) მიაღწია და ადმინისტრაციის პერსონალი უნდა შემცირდეს, რომ ხარჯის ოპტიმიზაციისთვის დუბლირებული ფუნქციები გამოირიცხოს.
“გაზპრომმა” დოკუმენტის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
„გაზპრომის“ მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის ჯგუფის საშტატო რაოდენობა 498,100 ადამიანს შეადგენდა, საიდანაც 30,500 ადამიანი სათავო კომპანიაში მუშაობდა. ჯგუფის მენეჯმენტი კომპანიის მთლიანი პერსონალის, დაახლოებით, 15%-ს შეადგენს.
ცნობისთვის: 1-ლი იანვრიდან, ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ უკრაინის გავლით ევროკავშირში “გაზპრომის” მიერ ტრანზიტი მთლიანად შეწყდა, რის შედეგადაც კომპანია წელიწადში 6 მლრდ დოლარს დაკარგავს. ამასთან, 2024 წელი “გაზპრომისთვის” საუკუნის მეოთხედში პირველად წამგებიანი აღმოჩნდა, ხოლო მისი შემოსავალი 25%-ზე მეტად შემცირდა. 2023 წელს “გაზპრომმა,” მისი შექმნის დღიდან, ანუ 1990 წლის შემდეგ რეკორდულად იზარალა, რამაც 629 მლრდ რუბლი (6,1 მლრდ დოლარი) შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მინიმალური მოცულობის, მხოლოდ 404 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. 2021 წელთან შედარებით, “გაზპრომის” მიწოდება 28 მლრდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დონეა. 2024 წლის დასაწყისიდან “გაზპრომის” აქციები 33,5%-ით დაეცა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დონემდე შემცირდა, ხოლო კიდევ 20%-ით გაუფასურების შემთხვევაში აბსოლუტურ ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ