სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 236 მლნ ლარი შევიდა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ ჯამში 236 000 896 ლარი შეადგინა.

„2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.