ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 25-ჯერ გაიზარდა

2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ გაიზარდა და 27 ათას კონტეინერს გადააჭარბა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მონაცემებში წერია.

უწყების ცნობით, გადაზიდვები აზერბაიჯანის ტერიტორიით წელიწადში, მინიმუმ, 1000 ბლოკის მატარებლით ხდება. პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩინეთის ქალაქ სიანიდან ბაქოში გასული წლის მარტში, სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ნოემბერში აზერბაიჯანმა ჩინეთში თავისი პირველი სატვირთო მატარებელი გაგზავნა.

მშრალ პორტ სიანში ყაზახურ-ჩინური ტერმინალია, რომლის ამოქმედებამაც ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საქონლის ტრანზიტის ზრდას ხელი შეუწყო.

კერძოდ, ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, პოზიტიური ზრდის დინამიკა 2024 წელსაც შენარჩუნდა და საექსპლუატაციო ტვირთბრუნვამ 272 მლრდ ტონა-კილომეტრს მიაღწია. ჩინეთ-ყაზახეთის ხაზებით ტვირთის რეკორდული მოცულობა, 32 მლნ ტონა იქნა გადაზიდული, რაც, 2023 წელთან შედარებით, 13,1%-ით მეტია.

ცნობისთვის: TITR, ანუ შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ჩრდილო დერეფნის ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომლის გამტარუნარიანობაც შარშანდელი მოდერნიზების შემდეგ წელიწადში 1 მილიონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ