„დღეს არაორდინალურ ვითარებაში ვართ, ქვეყანა იბრძვის, რაშიც ორი მსხვილი ბანკის - „საქართველოს ბანკის“, „თიბისის“ პასუხისმგებლობა უზარმაზარია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ქადაგიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მედიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კრიტიკულ მედიას აქვს ფინანსური პრობლემა, რისი მოგვარებაც ბიზნესს და მათ შორის, მსხვილ ბანკებს მარტივად შეუძლიათ და ეს მათი პასუხისმგებლობაც არის.
„დღეს თუ საქართველოს რამე აშორებს ტოტალურ ავტოკრატიას, ჩამორჩენილ დიქტატურებს, ეს არის კრიტიკული მედია. თქვენი, კრიტიკული მედიის დამსახურებით ადამიანები იგებენ, თუ სად, რა და როგორ ხდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, ყველა კრიტიკულ მედიას აქვს ფინანსური პრობლემები. ხელფასებს ვერ იხდიან, გაყინულია მათი შემოსავლები. ამ დროს კი, მათი ჯამური სარეკლამო ბიუჯეტი არის კაპიკები იმასთან შედარებით, რაც არის ამ ორი დიდი, მონსტრი ბანკის („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“) მოგება. 30-50 მილიონ ლარზეა ალბათ, საუბარი, რომ დაფინანსდეს ყველა კრიტიკული მედია, იქნება ეს ტელევიზია, ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემები. ეს არის ამ ორი დიდი ბანკის მოგების დაახლოებით 1.5%. წარმოგიდგენიათ? მათ, როგორც არავის ხელეწიფებათ, რომ ეს პრობლემა არ იყოს.
ბიზნესის როლია, რომ თითოეულ თქვენგანს, ვინც მოვლენების ეპიცენტრში ხართ და პირველ ხაზზე იბრძვით, მსგავსი ფინანსური პრობლემები არ გაწუხებდეთ. ერთის მხრივ 37% მოგებას აკეთებდე ჩვენზე, იმ ადამიანებზე, ვინც პროტესტში მონაწილეობს და მეორეს მხრივ, შემოიფარგლო ევროკავშირის დროშის გადმოფენით თუ სასაცილო თანხის დონაციით, როგორიცაა ორივე ბანკის მხრიდან ჯამში 5 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც არის 16 თეთრი, მათი ყოველი 100 ლარის მოგებიდან. მაყურებლისთვის მიმინდვია ეს რამდენად საკმარისი ან პასუხისმგებლიანი ქცევაა.
პრეტენზია არის ხოლმე, რომ დონორები პოლიტიკურად მოტივირებული ხალხია. საქართველო პატარა ქვეყანაა, კრიტიკული მედიის შემოსავლები თვითკმარი არაა და იმისთვის, რომ გადარჩნენ პოლიტიკურად მოტივირებული დონორებიდან იღებენ დაფინანსებას. ეს რომ არ იყოს, უმარტივესი რამეა გასაკეთებელი - მიიტანონ შესაბამისი რაოდენობის რეკლამა ტელევიზიებში, კრიტიკულ მედიებში, ონლაინ გამოცემებში.
დღეს არაორდინალურ ვითარებაში ვართ, ქვეყანა იბრძვის, გადარჩენა, გადატვირთვა და ახალ ლიანდაგზე დაყენებაა საჭირო, რაშიც ამ ორი ბანკის („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“) პასუხისმგებლობა უზარმაზარია და მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ დაუტრიალდებათ“, - განაცხადა ქადაგიძემ.