ICR ჯგუფი 15 იანვრის გაფიცვის ფარგლებში ყველა ობიექტს და ოფისს ხურავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ვიღებთ გადაწყვეტილებას 15 იანვარს 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში დავხუროთ კომპანიის ყველა ობიექტი და ოფისი, რათა აი სი არ ჯგუფის ყველა თანამშრომლისათვის შევქმნათ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების - გამოხატვის თავისუფლების საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელების წინაპირობა", - აღნიშნულია ICR ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.