გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, ექიმების განცხადებით ცხვირის ძვლის მოტეხელობა და ტვინის შერყევა აქვს

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეს, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, სასტუმრო "შერატონის" ფოიეში თავს დაესხა.