ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მყიდველებისთვის ქონების 100%-იანი გადასახადის შემოღებას გეგმავს. ეს ზომა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ წარდგენილი გეგმის ნაწილია, რომელიც საბინაო კრიზისის დაძლევასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
სანჩესი აცხადებს, რომ ევროკავშირის არაწევრი რეზიდენტები ესპანეთში ყოველწლიურად 27,000 საცხოვრებელ ობიექტს, ძირითადად, „სპეკულაციის მიზნით“ ყიდულობენ.
ესპანეთი იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც ხელმისაწვდომი სახლების ყიდვის ან დაქირავების სირთულის გამო საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მიზეზი უძრავი ქონების მზარდი ფასები და მოთხოვნასთან შედარებით ახალი მშენებლობის მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. ქვეყანაში უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნა იმ ადამიანების მხრიდან ფიქსირდება, რომლებიც დასასვენებელ სახლებს ყიდულობენ ან თბილი კლიმატის ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ცდილობენ.
ასეთი შესყიდვები უკვე მთელ რიგ გადასახადებს ექვემდებარება, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია რეგიონზე, ასევე, იმაზე, გარიგება პირველად თუ მეორად ბაზარს უკავშირდება. მთლიანობაში ეს გადასახადები 7%-დან 12%-მდე შეადგენს.
მთავრობის მიერ წარდგენილი სხვა წინადადებების მიხედვით, ახალ სახელმწიფო კომპანიას 3,300-ზე მეტი სახლი და, დაახლოებით, 200 ჰექტარი მიწა სოციალური საცხოვრებლის მშენებლობისთვის უნდა გადაეცეს. ასევე, სეზონურ გაქირავებაზე რეგულაციები გამკაცრდება, ცარიელი შენობები აღდგება, ხოლო მესაკუთრეები, რომლებიც საცხოვრებელს ხელმისაწვდომ ფასად გააქირავებენ, შეღავათებს მიიღებენ.
ესპანეთის რეგისტრატორთა ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეებმა ქვეყანაში უძრავი ქონების 24,700 ობიექტი შეიძინეს, რაც მთლიანი შესყიდვების 15%-ია. არაესპანელი მყიდველების ყველაზე დიდ ჯგუფს ბრიტანელები წარმოადგენენ, რომელთა წილიც უცხოელებთან გაფორმებულ მთლიან გარიგებებში 8,5%-ია. მათ გერმანელები, შემდეგ კი მაროკოელები, პოლონელები და იტალიელები მოჰყვებიან.
ცნობისთვის: eXp Realty-ის მიერ შედგენილ 2024 წლის რეიტინგში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირებით ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი მესამე ადგილზე გავიდა, სადაც წლის განმავლობაში ფასებმა 18,9%-ით მოიმატა. ესპანეთის მეორე ყველაზე დასახლებულ ქალაქ ბარსელონაში უძრავი ქონება წელიწადში 10,8%-ით გაძვირდა. პირველ-მეორე ადგილებს პოლონეთის კრაკოვი (25%) და არაბთა გაერთიანებული საემიროების დუბაი (19,4%) ინაწილებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ