ევროპის უდიდესი ავიაკომპანია, ირლანდიური Ryanair აეროპორტებში ალკოჰოლური სასმელების რაოდენობის ორამდე შემცირების მოწოდებით გამოდის.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ავიაკომპანია ევროპის ხელისუფლებისგან ალკოჰოლის გაყიდვაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს, რომ მგზავრებმა თვითმფრინავში ასვლამდე ალკოჰოლი არ მოიხმარონ.
მართალია, ავიაკომპანიები იტოვებენ უფლებას, უარი უთხრან ჩასხდომაზე ყველას, ვინც ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაშია, მაგრამ Ryanair ამჯერად მოითხოვს, აეროპორტების ბარებსა და უბაჟო მაღაზიებში ალკოჰოლის შეძენისას მგზავრებისგან ჩასხდომის ბარათი მოითხოვონ.
„რეისების დაგვიანებისას მგზავრები აეროპორტებში ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს სვამენ, რომელსაც შეუზღუდავად ყიდულობენ და მოიხმარენ,“ - აცხადებს ავიაკომპანია.
Ryanair-ის არგუმენტით, პრობლემა თავად თვითმფრინავში დალევა კი არა, არამედ ალკოჰოლის აეროპორტში მიღებაა, რომლის შემდეგაც მგზავრები ბორტზე ასვლისას მშვიდად გამოიყურებიან, თუმცა შემდეგ, ფრენის დროს უმართავები ხდებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ