ამ დროისთვის სუპერთასის ბილეთებიდან გასაყიდი 19 520 ბილეთი დარჩა

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ, გასაყიდი 19 520 ბილეთი დარჩა.

სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე არსებული მონაცემებით, მესამე კატეგორიის - 18 ლარიანი ბილეთი გასაყიდი 10 158 დარჩა. 35 ლარიანი 9 361, ხოლო პირველი კატეგორიის 75 ლარიანი ბილეთებიდან გასაყიდი მხოლოდ ერთია დარჩენილი.

რაც შეეხება სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველებს, ვაკის პარკში კვლავ რიგებია. სიცხის გამო, რიგში მდგომი რამდენიმე პირი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეუძლოდ მყოფებს ეხმარება.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.