რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება, მოქმედი ექვსსაათიანი გათიშვის გრაფიკის გათვალისწინებით, საკმარისი მხოლოდ 18 თებერვლამდე იქნება.
ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა.
რუსეთიდან სოციალური ნაკადი 327 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. თუმცა დეფიციტი კიდევ 170 მლნ კვტ.სთ-ია. ამდენად, ჯინჯოლიას ცნობით, გაზაფხულამდე მისაღწევად, ანუ ენგურჰესის კაშხალში წყლის ნაკადის გაზრდამდე კიდევ 150 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია არის საჭირო.
ჯინჯოლიას უჭირს იმის თქმა, თუ რა მოხდება 18 თებერვლის შემდეგ, რადგან ენგურჰესს ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვა არ შეუძლია. კერძოდ, კაშხალში წყალი მცირედით გროვდება და დღეში მხოლოდ 15-20 სმ-მდე ემატება.
დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას ინფორმაციით, ენგურჰესი ამჟამად დღე-ღამეში 1,7 მლნ კვტ/სთ-ს აწარმოებს, რაც მთლიანი მოხმარების მეშვიდედს შეადგენს, ხოლო აცივების შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
ბგანბას თქმით, ნოემბერ-დეკემბერში ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის შესაძენად, დაახლოებით, 600 მლნ რუბლი (5,8 მლნ დოლარი) გამოიყო და თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთის „ბიუჯეტი“ დატვირთვას ვერ გაუძლებს.
ცნობისთვის: რუსეთიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის მიწოდება 23 დეკემბერს განახლდა. მანამდე, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა ნაწილობრივ და მთლიანად შეაჩერა აფხაზეთში ე.წ. საბიუჯეტო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსება, რის შედეგადაც სოხუმმა 1,8 მლრდ რუბლი (17,5 მლნ დოლარი) ვერ მიიღო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ