„მთელი ოფისი გამოსული ვართ გარეთ - ხელისუფლება ალბათ დროულად უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს,“ - ამის შესახებ „მაკდონალდსი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თავისუფალი ცხოვრება გვინდა. დღეს მთელი ოფისი გამოსული ვართ გარეთ, ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას. ყველა თანამშრომელს ვუთხარით, რისი სურვილიც ჰქონდათ, ისე მოქცეულიყვნენ. არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა დაახევინებს უკან, ზოგადად რა პრინციპები, რა მორალი აქვთ, მაგრამ ჩვენ ვიძახით და ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია.
ხელისუფლება ალბათ დროულად უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს. მიმდინარე პროცესები დადებითად არცერთ სფეროზე, არცერთ ადამიანზე, არცერთ ბიზნესზე არ აისახება. იმედია ვიღაც ამას ყველაფერს ღრმა ანალიზს გაუკეთებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს ადრე თუ გვიან,“ - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.
ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა იყო დაანონსებული, რომელსაც არაერთი ადამიანი, ბიზნესი, ორგანიზაცია თუ სხვადასხვა დაწესებულება შეუერთდა.