თურქეთში 2030 წლისთვის საჰაერო ბურთით მოგზაური ტურისტების რაოდენობამ ახალი მარშრუტების შედეგად შესაძლოა, ორ მილიონს მიაღწიოს.
ამის შესახებ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) პრეზიდენტ ფირუზ ბაგლიკაიამ Anadolu-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო ბურთით ფრენები თურქეთის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ხდება, რაც როგორც ტურისტული ნაკადის, ასევე, სექტორში შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
ბაგლიკაიას ცნობით, თურქეთის ქალაქ ბურდურში სტარტი აიღო ახალმა პროექტმა, „ტურიზმის საუკუნემ,“ რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით მთელწლიანი ტურიზმის განვითარება და უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მიზიდვაა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება “თურქულ მალდივებად” ცნობილ სალდას ტბის თავზე საჰაერო ბურთებით ფრენების ორგანიზებაა, რაც ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უკვე უცხოელი ტურისტებისთვისაც ხელმისაწვდომია.
ამჟამად თურქეთში საჰაერო ბურთის 71 ოპერატორი ოპერირებს, რომლებიც თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ არიან ლიცენზირებული. ფრენები რვა რეგიონში სრულდება, თუმცა TÜRSAB ფრენის მარშრუტების მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ