აშშ-მა სანქციების სია გააფართოვა და მასში ჩინური და რუსული კომპანიები, ასევე, ყირგიზული Keremet Bank შეიყვანა. ისინი სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაში წერია.
OFAC-ის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი ერთად მუშაობენ რეგიონული კლირინგული პლატფორმების შესაქმნელად, რომ სანქცირებულ საქონელზე ტრანსსასაზღვრო უნაღდო ანგარიშსწორება გამარტივდეს. ეს პლატფორმები გადახდების შესასრულებლად შუამავლების როლს ასრულებენ.
რუსეთის მხრიდან სქემებში მონაწილე და უკვე სანქცირებული მსხვილი ბანკები არიან Sberbank, Alfa-Bank, Sovcombank, T-Bank და Tochka Bank. ასევე, სქემაში მონაწილეობენ რუსული კომპანიები, რომლებიც აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ პირველად მოხვდნენ. ეს არის Herbarium Office Management LLC (Herbarium), სს „ატლანტ ტორგი,“ შპს „სიგმა პარტნიორსი,“ სს „ტრანზაქციები და ანგარიშსწორებები,“ სს „არქტური“ და Paylink Limited.
რა შეეხება ყირგიზეთის Keremet Bank-ს, ისიც ამ სიაში პირველადაა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის ზაფხულიდან დაწყებული ამ ბანკის წარმომადგენლები შეზღუდვების თავიდან აცილების სქემების განსახორციელებლად თავიანთ მოქმედებებს რუს ჩინოვნიკებსა და სანქცირებულ Promsvyazbank-ს უთანხმებდნენ.
OFAC ამტკიცებს, რომ 2024 წელს ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტრომ Keremet Bank-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა კომპანიას, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ რუს ოლიგარქთან. შეთანხმება მიზნად ისახავდა ყირგიზეთში ფინანსური ცენტრის შექმნას, რომელიც სანქციების გვერდის ავლას, ასევე, ექსპორტისა და იმპორტისთვის გადახდებს ხელს შეუწყობდა.
მეტიც, ასეთ სქემებში Keremet Bank-ის როლზე მოლაპარაკებებს სანქცირებული რუს-მოლდოველი ბიზნესმენი, ილან შორი მართავდა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, Keremet Bank რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ ოპერაციებში, მათ შორის, გადახდების ხელშეწყობასა და სერვისების მიწოდებაში მონაწილეობდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ