მოსალოდნელია, რომ ლარი გაუფასურდება დოლართან, ევროსთან და ლირასთან მიმართებით, ხოლო რუბლთან მიმართებით გამყარდება, - ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის მე-4 კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ნეგატიურად შეაფასეს.
ამასთან, კვლევის თანახმად, ეკონომისტების შეფასება გაუარესებულია როგორც წინა, ასევე 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულმა ექსპერტებმა დააფიქსირეს თავიანთი მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, მათ გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.
„2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.6%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 4.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2025 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.6%-ია, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან და თურქულ ლირასთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან მიმართებით.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2024 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების შემცირება.
გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის მე-4 კვარტალში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორად დაასახელეს პოლიტიკური არასტაბილურობა. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და მუშახელის დეფიციტი.
გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკური არასტაბილურობა, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (დაბალი ინფლაცია),“ - ნათქვამია კვლევაში.