მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, 2025 წელს ზრდის მაჩვენებელი 6%-ი იქნება, 2026 წელს კი 5% - ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ბანკის წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 7.5%-ს შეადგენდა.
ამასთან, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2025 წელს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 3.9%-მდე შესუსტდება, ხოლო 2026 წელს 3.4%მდე. საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებაც შემცირდება. WB-ის პროგნოზით, სომხეთსა და საქართველოში ზრდის პოტენციურ ტემპებთან დაახლოება მოხდება, რადგან გაიზრდება ამ ქვეყნებიდან რეექსპორტი, ასევე მოიმატებს ვიზიტორების რაოდენობა და ხელფასები.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025-2026 წლებში გლობალური ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება. ორგანიზაციის პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნების მშპ-ის ზრდა 2025 წელს 4.1% იქნება, ხოლო 2026 წელს - 4%.