დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატ ადგურ არძინბას განცხადებით, “საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთში ინვესტიციების შესახებ მოქმედ “კანონს” არ შეესაბამება და მას რეალურ ინვესტიციებთან საერთო არაფერი აქვს.
ამის შესახებ არძინბამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი ცნობით, ინვესტიციების შესახებ “კანონის” გარდა, ასევე, მოქმედებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2009 წელს გაფორმებული შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვასა და პატივისცემაზე. თუმცა ბოლო “საინვესტიციო ხელშეკრულება” ამ შეთანხმებისგანაც მეტად განსხვავდება.
მისი თქმით, ეს ხელშეკრულება აფხაზი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ამდენად, აფხაზეთს არ სჭირდება ინვესტიციები, რომელშიც ადგილობრივი მუშახელი და ბანკები არ მონაწილეობენ.
“ეს ინვესტიციები კი არა, მესამე სამყაროს ქვეყნების მოდელია, რომელიც გარე მსხვილ კაპიტალთან თანამშრომლობით კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფზე არის მორგებული, ხალხზე კი არ აისახება და ეკონომიკური პოლიტიკის მიღმაა. ამით მხოლოდ კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფი საზრდოობს,” – აცხადებს არძინბა.
ის ამბობს, რომ რუსული კაპიტალის წინააღმდეეგი არ არის, თუკი ის აფხაზეთში მოქმედი “სამართლებრივი ნორმების” ფარგლებში მოექცევა. მითუმეტეს, აფხაზეთის გადასახადის გადამხდელთა ტოპ 10-ეულში რუსული კაპიტალის მონაწილე კომპანიები შედიან.
არძინბას თქმით, აფხაზეთში უკვე მრავალი წელია, წარმატებით ოპერირებენ ისეთი რუსული კომპანიები, როგორიც “მეგაფონი” და “როსნეფტია.”
ცნობისთვის: აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ნოემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. შეთანხმება რუსული ბიზნესისთვის აფხაზეთში ინვესტიციებისას მსხვილ პრეფერენციებს ითვალისწინებს, რაც ოპოზიციამ ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხედ ჩათვალა. პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პარლამენტმა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ