„წლევანდელი წელი იყო არაბების, ისრაელიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ხარჯზე, რომელთაც როგორ მოვემსახუროთ არ ვიცით“

„წლევანდელ სეზონზე იყო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც როგორ მოვემსახუროთ არ ვიცით,“ - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ვცდილობთ რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ქვეყანაში მომსახურების სფერო, რომ ევროპიდან და ამერიკიდან მეტი დამსვენებელი მივიღოთ. შარშანდელისგან განსხვავებით წლევანდელი წელი იყო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც როგორ მოვემსახუროთ არ ვიცით.

პირადად მე 2007 წლიდან ამ სფეროში ვარ ჩართული და ზრდის ტემპსაც ვუყურებდი. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც სასტუმრო ავაშენე, იყო ყაზბეგზე მოთხოვნის მუდმივი ზრდა, მაგრამ ეს ზრდა იყო ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან.

წლევანდელი წელი კი იყო არაბების, ისრაელიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ხარჯზე.

მათ აბსოლუტურად სხვა ტიპის როგორც კულტურული, ასევე კვებითი მომსახურება სჭირდებათ, რომელსაც მიჩვეული არ ვართ, არ ვიცით უბრალოდ.

შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, საჭირო იქნება ბიზნესების თავიდან ბოლომდე გადაწყობა რათა მათ შესაბამისი სერვისი შევთავაზოთ, ან არადა ბევრი საერთოდ შეწყვეტს არსებობას,“ - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.