შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის დაღვრა მხოლოდ რუსეთზე არ იმოქმედებს და იანვრის ბოლოს დაბინძურებამ შესაძლოა, ოდესამდე მიაღწიოს, ასევე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებს, ხოლო ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთს მიუახლოვდეს.
ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა, ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა “კომერსანტთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ეს უპრეცედენტო მოვლენა, ანუ პირველი შემთხვევაა, როცა შავ ზღვაში ასეთი დიდი რაოდენობით მაზუთი ჩაიღვარა, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის შემდეგ რუსეთში ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა.”
“ის, რაც შავ ზღვაში მოხდა, ეკოსისტემაზე საშინელი დარტყმაა. ათიათასობით ფრინველი და მრავალი დელფინი დაიღუპა, სანაპირო ფლორისა და ფაუნის დიდი დანაკარგია. ასეთ გარემოში თუნდაც მარილიან წყალში, პრაქტიკულად, ვერაფერი ცოცხლობს,” - ამბობს დანილოვ-დანილიანი.
ასევე, რუსი მეცნიერის ცნობით, მინიმუმ, 200-500 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგის ამოღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ, უკვე დარეგისტრირებულია ადგილები, სადაც მაზუთიანი ნიადაგის ამოღების გამო ზღვამ ხმელეთზე 30-50 მეტრზე შეაღწია.
დანილოვ-დანილიანს შავი ზღვის მაზუთისგან მთლიანად გაწმენდის ვადებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან „200 მ-ზე მეტი სიღრმის ფსკერზე დალექვის შემდეგ მაზუთი შესაძლოა, იქ მეტად დიდი ხნის განმავლობაში “დაწვეს.” მხოლოდ იმის გაკეთება არის შესაძლებელი, რომ აღმავალი ნაკადის შედეგად მაზუთს ამოტივტივებისას შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვენენ, რისთვისაც საკურორტო სანაპიროების მუდმივი მონიტორინგი იქნება საჭირო.
ცნობისთვის: ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია. ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება. დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.
კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძირვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.
ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 15 დეკემბერს ჩაიძირა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ