„ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო - გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, დიპლომატია ჩართონ, სხვა მიმართულებით მიდიან“

შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაცუაში ვართ მეგობრებო,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ იკრიბებიან, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ასევე, განიხილავენ სიტუაციის გავლენას ეკონომიკაზე.

„თუ არ შედგა სწორი ურთიერთობა და არ მოისპო გადაბრალება, შუღლი, სიძულვილი, ფინიშში ვერ გავალთ. გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან. იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, აქ არ არის მხოლოდ ბიზნესზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ვიცოდეთ, რა მომავალი გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება 2030 წელს, ეს ფორმულა ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს თვეების, წლების, კვარტლების მიხედვით, რა იქნება და როგორ“, - განაცხადა ჭყონიამ.