2024 წელს კომერციულმა ბანკებმა ახალი დეველოპერული პროექტების დაკრედიტება შეამცირეს - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა განაცხადა. მისივე თქმით, შემცირების მიზეზი იყო არა გლობალური ფუნდამენტური ფაქტორები, რაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს წარმოიშვა, არამედ ლოკალური.
„გასულ წელს, განსაკუთრებით წლის ბოლოსკენ კომერციულმა ბანკებმა უძრავი ქონების სექტორის დაფინანსება ნამდვილად შეამცირეს. ზოგიერთის შემთხვევაში ამის მიზეზი იყო კონკრეტულად ამ დარგში პორტფელის გადავსება.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ იგივე მშენებლებმა, იგივე დეველოპერებმა დაინახეს, რომ ის წესები, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მოქმედებდა, ნელ-ნელა აღარ მუშაობს. დღეს დეველოპერებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მათი პროექტები დაფინანსებადი იყოს. ეს ძალისხმევა შეიძლება გამოიხატებოდეს უფრო საღ მიდგომებში, უფრო მეტ ანალიტიკაში, უფრო მეტ რისკების გადაზღვევაში, და ბანკებიც ამ რისკების გადაზღვევას უფრო და უფრო მკაცრად სთხოვენ, ვიდრე დაახლოებით 3-4 წლის წინ“, - განაცხადა კორინთელმა.
მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება ბიზნესისა და ბანკების ურთიერთობის ხარისხზე უფრო დადებითად აისახება და მიდგომებიც გაჯანსაღდება.
რაც შეეხება მოლოდინებს, კორინთელის თქმით: „მართალია, ჯერჯერობით ბანკების მიერ უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების მაჩვენებელი ისევ მცირეა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უკვე თებერვლის ბოლოდან ის ზრდას დაიწყებს.
მარტო ჩვენ არ ველოდებით უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტურობას. ცვლილებებს ელოდება მსოფლიო. როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში მოთხოვნის შემცირების ფუნდამენტური ფაქტორები, როგორც 2008 წელს იყო, არ არსებობს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა რაღაც იყიდოს, მაგრამ ფიქრობს - მოდი დაველოდები, რა და როგორ იქნება, და მომავალში უფრო სარფიან ინვესტიციაც განვახორციელებ. ვიმეორებ, ცვლილებებს თებერვლის ბოლოდან ველოდებით“, - დასძინა კორინთელმა.