„ძალიან ბევრი სასტუმრო იხურება - მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან უჭირს“ - ანი ალიბეგაშვილი

„სექტორს ძალიან გაუჭირდა, ძალიან ბევრი სასტუმრო როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და რეგიონებში იხურება“, - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

როგორც ალიბეგაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე უფრო მეტი სასტუმრო, რესტორანი და ტურიზმის სხვა დამხმარე მიმართულება დახურვის საფრთხის წინაშე დადგება.

„ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურიზმი, თავისი ქვესექტორებით ტურიზმი ეკონომიკის 60-70%-ს მაინც შეადგენს. ტურიზმზე დგას ჩვენი ეკონომიკა. ბაზრები დივერსიფიცირებული არ გვაქვს. სექტორს ძალიან გაუჭირდა, ძალიან ბევრი სასტუმრო როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და რეგიონებში იხურება, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესს არასეზონზე თანამშრომლების შენარჩუნება და იმ ხარჯების გაწევა რაც სჭირდება ამ სფეროს ოპერირებისთვის, ძალიან უჭირს.

არსებულ ვითარებაში მიმდინარე პროცესები გამოიწვევს უფრო და უფრო მეტი სასტუმროს, რესტორნისა და დამხმარე ქვესექტორების დახურვას. ფაქტია, რომ ეს პროცესები დაიწყო და რაც არ უნდა კარგი მაჩვენებლით იყოს დახურული 2024 წლის ტურიზმის ნაკადი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2025 წელსაც იგივე იქნება თუ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევას არ გასწევს, როგორც ბიზნესი ასევე, მთავრობა.

მოსახლეობა, ბიზნესი და მთავრობა ერთმანეთს არ ესაუბრება, საუბრის დასაწყებად არის მნიშვნელოვანი პუნქტები (პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები), რაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ისევ გავაგრძელოთ ამ ქვეყნის შენება. შემდეგ უკვე როდესაც აღიარებული მთავრობა გვეყოლება იმ ქვეყნების მიერ, რომელიც ჩვენი ფოკუს ჯგუფია, ყველა ვიმუშავებთ აქტიურად იმისთვის, რომ გავზარდოთ მომსახურების სფერო და ამერიკიდან და ევროპიდან მეტი დამსვენებელი მივიღოთ“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

მერი ტაბატაძე