უხარისხო ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება

თბილისში 2 თვის განმავლობაში, მაისსა და ივნისში  ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის, რეკორდული, 3241 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ალკოჰოლური მოწამვლის ფაქტზე მათ მაისში 1782 გამოძახება მიიღეს, ივნისში კი - 1559.

როგორც ტოქსიკოლოგები აცხადებენ, ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ზაფხულში იზრდება ხოლმე, რასაც ხელს უწყობს მაღაზიებსა და კვების დაწესებულებებში უხარისხო სასმელის რეალიზაცია. სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ 28 თებერვლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებიდან ალკოჰოლური სასმელის 245 ნიმუშია შესწავლილი და დარღვევა მხოლოდ 45 მათგანში აღმოჩნდა, 15 ნიმუში კი საერთოდ ფალსიფიცირებული იყო, რის გამოც საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს გადაეცა.

სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი გარევაჭრობას, სადაც დაბალი ხარისხის ალკოჰოლი იყიდება, ვერ აკონტროლებენ, რადგანაც მათ კანონით ამის უფლება არა აქვთ.

ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევების გახშირების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს.

მისი თქმით, მთავარი მაინც ზაფხულის მოსვლა და მოსახლეობის მხრიდან დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებაა. ასევე კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უხარისხო ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია, რომლის ფასიც გაცილებით დაბალია, ხოლო მისი ვარგისიანობა ნაკლებად კონტროლდება.

მისი თქმით, "ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ წამალდამოკიდებული ადამიანების უმეტესმა ნაწილმა რეცეპტის შემოღების შემდეგ ალკოჰოლის მიღება დაიწყო. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საზოგადოების სოციალური ფონი, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ალკოჰოლურ დამოკიდებულებას იწვევს. ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მოწამვლის ეს ფორმა ბოლო დროს მოზარდ ასაკში საკმაოდ ხშირია და ასევე ერთ-ერთი გავრცელებულიც, ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ინტოქსიკაციებს შორის. ალკოჰოლის მიმართ, ყველა სხვა ტოქსიკური ნაერთის მსგავსად, მოზარდის ორგანიზმი და მოუმწიფებელი ქსოვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. პატარა ასაკში მძიმე ინტოქსიკაცია შეიძლება განვითარდეს 20-30 მილილიტრის შემთხვევაშიც, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის დაცვაა საჭირო",- აცხადებს ტოქსიკოლოგი.

ელზა პაპაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"