„სატვირთო ავტოიმპორტს დილერთა გარკვეული რაოდენობა ჩაეხსნება“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სატვირთო ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ცვლილებებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი.
შეგახსენებთ, 2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია იკრძალება.
ამასთანავე, ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი შეზღუდვა სატვირთო ავტომობილების გაყიდვებს შეამცირებს.
„სატვირთო ავტომობილები იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მსუბუქი ავტომობილები გადის რეექსპორტზე, არ გაედინება. გაედინება მცირე ნაწილი, მაგრამ არ არის ისეთი მასშტაბი, რომ ავტოიმპორტში დიდი წილი ეკავოს. სატვირთო ავტომობილები ძირითადად განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის. ჩვენ ყველანაირი ავტოპარკის განახლებას მივესალმებით, მაგრამ მოსახლეობა რამდენად არის მზად ეკონომიკურად იმისთვის, რომ 2013 წლის შემდგომ გამოშვებულ სატვირთო ავტომობილებზე გადასხდნენ, რთული სათქმელია. მაგალითად, ადამიანი რომელიც ცხოვრობს სოფელში და მას სჭირდება სატვირთო ავტომობილი, ძველი წლოვანების შემთხვევაში ფასი მისთვის ბევრად ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა რთული სათქმელია.
გასაგებია, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების ნაწილიაო, გასაგებია და პირველ რიგში, დასავლური კურსი უნდა გვეკავოს და დანარჩენი მეორეხარისხოვანია, მაგრამ ამ ცვლილებებით, ალბათ, სატვირთო ავტომობილების გაყიდვები შემცირდება. ავტოიმპორტიორებსაც შევხვდი, არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ ჩამომყავდა სატვირთო ავტომობილები და, ალბათ, დავანებებ თავსო. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ გარკვეული რაოდენობა ჩაეხსნება სატვირთო ავტოიმპორტს“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
ცნობისთვის, აკრძალვა ეხება M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებს, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების მანქანებზე. გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ საშეღავათო პერიოდი დაუწესდა იმპორტიორებს. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში უპრობლემოდ დარეგისტრირდებიან.