2024 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6.560 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 3.007 მლრდ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2024 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (653.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (402.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (273.4 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი),“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.