Audi-ს Mercedes-Benz-მა “წყალი შეუყენა”

მიმდინარე წლის ნახევარი მიილია და მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ბოლო 6 თვის მონაცემების გამოქვეყნება. მსოფლიო ბაზარზე, გაყიდვების რაოდენობის თვალსაზრისით, Apple-ისა და Samsung-ის დაპირისპირების გარდა, ყველაზე დიდ ინტერესს საავტომობილო ბაზარი იწვევს, სადაც განსაკუთრებული სიმძაფრე პრემიუმ კლასში ჩანს, რადგან აქ სამი გერმანელი უკვე ათეული წლებია პირველობისთვის იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისათვის საყვარელმა ბრენდმა Mercedes-Benz-მა ამ ბაზარზე ლიდერობა 2005 წელს BMW-ს დაუთმო, ხოლო 2011 წლიდან მან მეორე ადგილიც დაკარგა Audi-ის სასარგებლოდ, ის მიმდინარე წელს ყველაზე პროგრესირებადია ”დიდ სამეულს” შორის.

Mercedes-Benz-ის გაყიდვები (რომლის მონაცემებში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება კომერციული დანიშნულების, ავტობუსების, სატვირთოებისა და სმარტის ავტომობილები) მიმდინარე წელს უკვე 15%-ით გაიზარდა და 898 425 ერთეული შეადგინა. კომპანიის წარმატებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა მისმა ”გამოღვიძებამ” ჩინეთის ბაზარზე, სადაც ის მუდმივად ათეულ-ათასობით ჩამორჩებოდა მის კონკურენტებს, ახლა კი ეს მაჩვენებელი შედარებით გაუმჯობესდა. (ცნობისათვის, სწორედ ჩინეთის ხარჯზე მარცხდებოდა ამ წლების განამვლობაში ”მერსედესი” ”აუდისთან”).

რაც შეეხება Audi-ს, მისი ზრდა მიმდინარე წელს მხოლოდ 3,8%-ია, რაც ჩინეთის ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაუარესებამ გამოიწვია (უკვე მეორე თვეა ”აუდის” პროცენტული მაჩვენებელი მინუსებშია, თუმცა რეალიზებული ავტომობილების მიხედვით, ის მის კონკურენტ ”მერსედესზე” რამდენიმე ათეული ათასით მეტის გაყვიდვას მაინც ახერხებს). მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, კომპანიის გაყიდვებმა 902 400 ერთეული შეადგინა და ის მხოლოდ 4 ათასით უსწრებს მის უახლოეს მდევარს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სხვაობა თითქმის 50 ათასი ერთეული იყო.

რაც შეეხება ლიდერს, აქ მდგომარეობა უცვლელია. ბავარიული ბრენდის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5,3%-ით აღემატება და 932 041 ერთეულს შეადგენს (ამ მონაცემებში არ შედის კომპანიის კუთვნილი ”მინისა” და ”როლს როისის” გაყიდვები). ’’აუდის’’ მსგავსად, BMW-ს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე - ჩინეთში ”გაუჭირდა”, სადაც ფინანსისტები ეკონომიკის ”გაგრილებას” პროგნოზირებენ. BMW-ს უპირატესობა ”მერსედესთან” მიმდინარე წელს თითქმის სამჯერ შემცირდა.

როგორ დასრულდება მიმდინარე წელი, ამას მომავალი წლის იანვარში გავიგებთ, თუმცა ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, უკვე წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ პრემიუმ კლასში 4 წლიანი პაუზის შემდეგ მეორეადგილოსანი შეიცვლება, ხოლო ლიდერს სავარაუდოდ, წელს არაფერი დაემუქრება, თუმცა გამორიცხული არაფერია.

BMW - 932,041 +5.1%

Audi - 902,400 +3,8

Mercedes-Benz - 898,425 +15%

კოკა კვირკველია სპეციალურად საიტისთვის