ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ცდილობენ ეკონომიკის შენელებას, მაგრამ არაფერი გამოსდით

მიმდინარე წელს ეკონომიკამ 100-მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს, რაც არის სავსებით შესაძლებელი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლის იანვარში მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა.

„შარშანდელი წელი წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 90 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის სავსებით შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამისთვის უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველზე 2025 წლისთვის“, - ამბობს კობახიძე.

მანვე ისაუბრა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და აღნიშნა, რომ გასულ წელს სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„ტურიზმის სფერო რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელი, 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა წლიურად, რეკორდული იყო მეოთხე კვარტალიც მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა. მეოთხე კვარტალი დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლებმა შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც 90 მილიონი დოლარით მეტია 2023 წლის მე-4 კვარტლის მაჩვენებელზე. ვიღაცები ცდილობენ ეკონომიკის შენელებას, მაგრამ არაფერი გამოსდით, პირიქით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერი ტაბატაძე