რუსულმა ქარხნებმა უკრაინული დრონების თავდასხმებისა და მარჟის ჩამოშლის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შარშან 12-წლიან მინიმუმამდე, დაახლოებით, 267 მლნ ტონამდე შეამცირეს.
ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წყაროებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, უარყოფითად იმოქმედა ბენზინის ექსპორტის აკრძალვამ, რომელიც შიდა ბაზრის დასაცავად იქნა შემოღებული.
2024 წელს უკრაინა სამიზნეებს შორის აღმოჩნდა „ლუკოილის“ ვოლგოგრადის გადამამუშავებელი ქარხანა, ომსკის გადამამუშავებელი ქარხანა, „გაზპრომ ნეფტის“ სლავიანსკისა და ნოვოშახტინსკის გადამამუშავებელი ქარხნები და „როსნეფტის“ ტუაფსეს გადამამუშავებელი ქარხანა.
ამ ფონზე 2024 წელს რუსეთმა თავისი საზღვაო პორტებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 9,1%-ით, 113,7 მლნ ტონამდე შეამცირა. კერძოდ, წყაროების მიხედვით, შარშან ბალტიისპირეთის პრიმორსკის, ვისოცკის, სანკტ-პეტერბურგისა და უსტ-ლუგას პორტების გავლით ნავთობპროდუქტების მთლიანი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 9%-ით შემცირდა და 61,96 მლნ ტონა შეადგინა. არხანგელსკისა და მურმანსკის არქტიკული პორტების გავლით საწვავის მიწოდება, 2023 წელთან შედარებით, 14%-ით შემცირდა და 1,01 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო აზოვისა და შავი ზღვების სამხრეთ პორტებმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი წლიური თვალსაზრისით 10%-ით, 42,75 მლნ ტონამდე შეამცირეს. ასევე, საწვავის საექსპორტო მიწოდება შავი ზღვის ტუაფსეს პორტის გავლით, 2023 წელთან შედარებით, მესამედით, 9.1 მლნ ტონამდე დაეცა. მიზეზად დაუგეგმავი გათიშვა და „როსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ტუაფსეს ქარხანაში ნავთობგადამუშავების შემცირება დასახელდა.
წყაროების თანახმად, 2024 წელს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტით ნავთობპროდუქტების საექსპორტო გადაზიდვები, წინა წელთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა და 19 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო დალნივოსტოკის საზღვაო პორტებმა ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 3%-ით, 7,97 მლნ ტონამდე შეამცირეს.
ამასთან, მხოლოდ დეკემბრის თვეში რუსეთის პორტებით ნავთობპროდუქტების მთლიანი ექსპორტი, წინა თვესთან შედარებით, დღეში 10,8%-ით გაიზარდა და 10,37 მლნ ტონა შეადგინა. კერძოდ, გასულ თვეს შავი და აზოვის ზღვების პორტებით საექსპორტო გადაზიდვები, ნოემბერთან შედარებით, 23%-ით, 4,17 მლნ ტონამდე, ბალტიის ზღვის პორტებით 5,49 მლნ ტონამდე (+4,6%), ხოლო დალნივოსტოკის პორტებით 637,100 ტონამდე (+0,3%) გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ