„გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.
„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, - განაცხადა პრემიერმა
მანვე ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან განსხვავებით „ქართული ოცნება“ არის ყველას მთავრობა.
„გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი ემუქრებიან საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და არა მხოლოდ ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ კიდეც, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მაგრამ არაფერი გამოსდით და გამოუვათ.
ოპოზიციისგან განსხვავებით ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ყველას მთავრობამ. იმ სარგებლით კი, რომელსაც ჩვენი პოლიტიკით მივიღებთ, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.