“ტრამპონომიკა” ბრუნდება - რას მოუტანს დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა მსოფლიო ეკონომიკას

დონალდ ტრამპის ხელმეორე პრეზიდენტობა გლობალურ ეკონომიკას გარდაქმნის, ხოლო აშშ იმდენად გაუსწრებს თავის კონკურენტებს, რომ მათ მისი წარმატების კოპირება მოუწევთ - ასე ეხმაურება ბრიტანული The Telegraph დონალდ ტრამპის ხელმეორე ინაუგურაციას.

გამოცემის პროგნოზით, ამერიკა საგრძნობლად გაუსწრებს თავის მთავარ კონკურენტებს, რაც უკანასკნელი ათწლეულის ძირითად პერიოდში ისედაც ხდება. კერძოდ, 2008 წელს ევროკავშირის მშპ აშშ-ის მშპ-ს ოდნავ ჯერ კიდევ აღემატებოდა, თუმცა 2022 წლისთვის ამერიკა 30%-ით უფრო გამდიდრდა. ეს ტენდენცია ევროკავშირის ანემიური ზრდის გაგრძელების ფონზე შესაძლოა, მხოლოდ დაჩქარდეს.

ანალოგიურად, აშშ-სთან ჩინეთის კონკურენცია სულ უფრო მცირდება იმ პროგნოზების მიუხედავად, რომ 2030 წელს ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა გახდება. ჩინეთის ეკონომიკა ტემპს ანელებს და სანდოობას კარგავს, ხოლო ქვეყნის 5%-იანი წლიური ზრდის სამიზნესი აღარავის სჯერა.

“ოვალურ კაბინეტში დონალდთან ერთად ეს შესაძლოა, არასდროს მოხდეს,” - წერს The Telegraph.

ტრამპი აშშ-ში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გეგმავს. მისი ამბიციურ ეკონომიკურ დღის წესრიგში შედის ფრაკინგის (ჰიდროხლეჩის) ინდუსტრიის გაძლიერება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, უოლ-სტრიტის დერეგულირება, ბიზნესისა და მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირება, ტარიფების აგრესიული გამოყენება უცხოური ბაზრების გასახსნელად და სხვა. ამდენად, შეერთებული შტატების ეკონომიკა, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო სწრაფად გაიზრდება.

ევროპა მეტად ჩამორჩება, ხოლო ჩინეთი, მისი ძლიერი მხარეების მიუხედავად, მეორე ადგილზე დარჩება. აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება, როგორიც 1980-იანი წლების შემდეგ ჯერ არ ყოფილა.

“ჩინეთის ეკონომიკური დომინირების საკმაოდ რეკლამირებული საუკუნე წარსული ეპოქის შორეულ გადმონაშთს ჰგავს,” - წერს The Telegraph.

ამასთან, ტრამპის გუნდს და, განსაკუთრებით, მასკის გარშემო მყოფი ტექნოლოგ ლიბერტარიანელებს ზუსტად ესმით, თუ რატომ გაჩნდა “რეგულაციების” პრობლემა. კერძოდ, ფედერალური რეგულაციების კოდექსი პირველად ყოველწლიურად 1960-იანი წლების დასაწყისში განახლდა და მას შემდეგ რვაჯერ გაიზარდა. ის 185,000 გვერდს შეიცავს და 240 ტომს მოიცავს. მარეგულირებელმა მანქანამ ინოვაციები კუთხეში მიამწყვდია, ხოლო მუდმივად მზარდი საჯარო მოხელეების პროდუქტიულობა სტაგნაციას განიცდის, რაც მთელ ეკონომიკას ძირს ითრევს.

ტრამპის გუნდს გადაწყვეტილი აქვს ამის გამოსწორება და თუ ისინი ნაწილობრივ მაინც მიაღწევენ მიზანს, ეს სახელმწიფო მანქანას გარდაქმნის, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითი იქნება. ისინი, ინოვაციების სტიმულირებასთან ერთად, შეზღუდულ რესურსებს უფრო პროდუქტიული გამოყენებისთვის გამოათავისუფლებენ. ეს დანარჩენ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობას კიდევ უფრო დააჩქარებს.

“ჩვენ გავხდებით უზარმაზარი ცვლილებების მომსწრე გლობალურ ფინანსურ სისტემაში. პირველი ვადისგან განსხვავებით, როდესაც ის მეტად სკეპტიკურად იყო განწყობილი ციფრული ფულის მიმართ, ტრამპი კრიპტოვალუტების ზრდას მიესალმა. ბაზარი ღია იქნება მცირე საცალო ინვესტორებისთვის, მაშინ, როცა საუბარია ბიტკოინის სტრატეგიულ რეზერვზე, რომელიც ფორტ-ნოქსის ფედერალურ რეზერვში შენახულ ოქროს კონკურენციას გაუწევს,” - წერს The Telegraph.

გამოცემის შეფასებით, ტრამპის ხელმძღვანელობით კრიპტოვალუტები საინვესტიციო სამყაროს მთავარი ნაწილი გახდება. ეს შესაძლოა, იყოს შესანიშნავი დრო, რომ ბიტკოინი ფინანსური სისტემის ძირითადი ნაწილი გახდეს, რაც ბოლო 70 წლის განმავლობაში დოლარზე დაფუძნებული სისტემის მუშაობას ძირეულად შეცვლის.

“ტრამპონომიკის (Trumponomics) დაბრუნება მისი მეორე ვადის განმავლობაში ჭეშმარიტად გარდაქმნის გლობალურ ეკონომიკას. ფაქტობრივად, აშშ ისე კარგად მოიქცევა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და ყველა თავის კონკურენტზე ისეთი ლიდერობით დაწინაურდება, რომ დანარჩენ მსოფლიოს მოუწევს, ამას ყურადღება მიაქციოს. მათ შესაძლოა, დაიწყონ იმის გარკვევა, თუ როგორ მოახდინონ წარმატების კოპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მყარად ჩარჩებიან ნელ ზოლზე,” - წერს The Telegraph.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ