ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP ჩაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტის, მემოკოინ $TRUMP-ის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

“შემოუერთდით ჩემს საზოგადოებას და ახლავე მიიღეთ თქვენი $TRUMP,”- წერს ტრამპი.

პროექტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ჩაშვების პირველ დღეს მომხმარებლებისთვის 200 მლნ მონეტა იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სამი წლის განმავლობაში მონეტების საერთო რაოდენობა თანდათან მილიარდამდე გაიზრდება.

ვებგვერდის დიზაინი დონალდ ტრამპის სტილში არის გაფორმებული და შეიცავს მის ცნობილ ფრაზას, „იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე“ (“Fight, fight, fight”), რომელიც 2024 წლის ივლისში, მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ წარმოთქვა.

გამოცემა CoinDesk წერს, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ ექვს საათზე ნაკლებ დროში მემეკოინებზე ფასი რამდენიმე ცენტიდან 14 დოლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის: მემეკოინი კრიპტოვალუტის ნაირსახეობაა, რომელიც პოპულარული მემების, ხუმრობების ან ინტერნეტ-კულტურის საფუძველზე არის შექმნილი. ტრადიციული კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, როგორიც ბიტკოინი ან ეთერიუმია, მემეკოინები მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინოვაციებს ან ფუნდამენტურ ღირებულებას ხშირად მოკლებული არიან. მათი პოპულარობა და ღირებულება, როგორც წესი, ჰაიპით, ცნობილი ადამიანების ან სოციალური მედიის საზოგადოების მოწონებებით არის განპირობებული. მემეკოინის მაგალითი Dogecoin-ია, რომელიც ხუმრობის სახით შეიქმნა, მაგრამ ონლაინ-საზოგადეობისა და ისეთი ცნობილი ადამიანების აქტიური მხარდაჭერის შემდეგ, როგორიც ილონ მასკია, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა გახდა. მემკოინების ღირებულება შესაძლოა, სპეკულაციების გამო სწრაფად გაიზარდოს. ამავე დროს არასტაბილურობის გამო ისინი ინვესტორებისთვის მაღალ რისკებს შეიცავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ