არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა უნიკალური პროექტი ჩაუშვა, რომელიც მზის პანელების გამოყენებით ელექტროენერგიის სადღეღამისო მიწოდებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას SolarQuarter ავრცელებს.
პროექტი საქართველოში შემოსული Masdar-ისა (Abu Dhabi Future Energy Company) და Emirates Water and Electricity Company-ის (EWEC) მონაწილეობით აბუ-დაბიში ხორციელდება. მასშტაბური პროექტი მზის ენერგიის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს, რაც 24/7-ის რეჟიმში განახლებადი ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების გარანტიას იძლევა.
ახალ სისტემას დღეში 1 გიგავატამდე სიმძლავრე ექნება, რაც მას მზის ენერგიის წარმოქმნისა და შენახვის მსოფლიოში უდიდეს კომბინირებულ სადგურად აქცევს. პროექტი 5.2 გიგავატ სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურსა და 19 გიგავატ/სთ-ის ტევადობის აკუმულატორულ სისტემაზე არის დაფუძნებული.
ამ ტექნოლოგიის გამოყენება გამორიცხავს მიწოდების შეფერხების რისკებს, რაც განახლებადი ენერგიის საერთო პრობლემაა.
რაც შეეხება ინიციატივის ეკონომიკურ მნიშვნელობას, Masdar-ის აღმასრულებელი დირექტორი, მოჰამედ ჯამილ ალ რამაჰი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში 10,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ცნობისთვის: გასული წლის აპრილში Masdar-მა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა (GEDF) ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას ქვეყანაში ყველაზე დიდი, 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურის მშენებლობაზე. კერძოდ, გარდაბნის ელექტროსადგურის სიმძლავრე 96 მეგავატი, ხოლო სავარაუდო წლიური წარმოება 196,7 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის ღირებულება 80-100 მლნ დოლარად შეფასდა. Masdar-მა და GEDF-მა ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2023 წლის 26 დეკემბერს გააფორმეს. GlobalData, რომელიც მსოფლიოში 170 000-ზე მეტ ელექტროსადგურს აკონტროლებს და აპროფილებს, პროგნოზირებს, რომ გარდაბნის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს, ხოლო კომერციულ ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ