ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურად კლასიფიცირებულ ობიექტებზე მმართველი თანამდებობების დაკავება აეკრძალებათ.
ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთი და ბელარუსი ან ამ ქვეყნების მოქალაქეები და იურიდიული პირები ლატვიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე, ევროპული მასშტაბის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მფლობელები ან ფაქტობრივი ბენეფიციარები ვერ იქნებიან და მათ მმართველობით სტრუქტურებში პოზიციებს ვერ დაიკავებენ.
ასევე, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ამ სექტორში დასაქმება ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა აეკრძალებათ, თუ ასეთი სამუშაო მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო მოწყობილობაზე წვდომას ითვალისწინებს. ამ აკრძალვისგან გამონაკლისი მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების ცალკეული ნებართვის საფუძველზე დაიშვება.
ცვლილებების პროექტი განსახილველად მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც მას სეიმმაც უნდა დაუჭიროს მხარი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ