ნიუ-იორკის გარეუბნებიდან ცენტრამდე საჰაერო ტაქსი ამოქმედდა

კომპანია, Blade Urban Air Mobility, რომელიც მანჰეტენსა და ორ ახლომდებარე აეროპორტს შორის ვერტმფრენით რეისებს ასრულებს, გარეუბნის მდიდარ ნიუ-იორკელებს ქალაქის ცენტრამდე გადაყვანის სერვისით მოემსახურება.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, ახალი სერვისი ჩრდილოეთ ნიუ-ჯერსისა და ნასოს ოლქის შეძლებულ მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, დასავლეთ მანჰეტენზე, დაახლოებით, ხუთ წუთში მოხვდნენ. შედეგად მათ საცობები აღარ შეაწუხებთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაც აღარ დასჭირდებათ.

ერთი მიმართულებით ფრენა 95 დოლარი ეღირება.

ცნობისთვის: თვის დასაწყისში.ნიუ-იორკში, აშშ-ში პირველად, ავტომობილებისთვის საცობის გადასახადი ამოქმედდა. კერძოდ, მძღოლების უმეტესობა საცობის ზონაში შესვლისთვის დღეში ერთხელ 9 დოლარს პიკის საათის დროს, ხოლო სხვა დროს 2,25 დოლარს იხდიან. მცირე სატვირთო მანქანები და არასამგზავრო ავტობუსები მანჰეტენზე პიკის საათის დროს შესვლისას დღეში 14,40 დოლარს, ხოლო უფრო დიდი სატვირთო მანქანები და ტურისტული ავტობუსები 21,60 დოლარს იხდიან. საცობის ზონა ცენტრალური პარკის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას, მათ შორის, ისეთ ცნობილ ადგილებს მოიცავს, როგორიც არის Empire State Building, Times Square და ფინანსური უბანი Wall Street-ის გარშემო. საგზაო მოძრაობის მონაცემთა ანალიზის კომპანია INRIX-ის თანახმად, გასულ წელს ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე გადატვირთულ ქალაქად ზედიზედ მეორედ დასახელდა. კერძოდ, გასული წლის პირველ კვარტალში მანჰეტენის ცენტრში დილის პიკის საათებში მანქანები მხოლოდ 17 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ