გლობალურმა პოლიტიკურმა პრობლემებმა, კერძოდ, კონფლიქტებმა და დაძაბულობამ, ასევე, ინფლაციამ, ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და სამომხმარებლო ჩვევების ცვლილებამ 2024 წელს მთელს მსოფლიოში დღესასწაულებისა და წვეულებების მთავარი სასმელის, ცქრიალა ღვინის მიწოდების 10%-იანი კლება გამოიწვია.
ინფორმაციას The Guardian გაერთიანებული სავაჭრო ასოციაცია Comite Champagne-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწოდება შემცირდა შამპანურის უდიდეს ბაზრებზე, როგორიც საფრანგეთი და აშშ-ია. ამასთან, მზარდია მონაცემები იმის შესახებ, რომ Z-თაობა და “მილენიელები” უარს ამბობენ ალკოჰოლზე, ხოლო “ბეიბი-ბუმერები” პენსიაზე გასვლის შემდეგ ღვინოზე უკვე ნაკლებს ხარჯავენ.
კერძოდ, Comite Champagne-ის მონაცემებით, სრულ 2024 წელს მოთხოვნა 9.2%-ით, 271.4 მლნ ბოთლამდე შემცირდა. გასულ წელს საფრანგეთის შიდა ბაზარზეც მოთხოვნამ, 2023 წელთან შედარებით, 7,2%-ით მოიკლო და მხოლოდ 118,2 მილიონი ბოთლი გაიყიდა.
დიდ ბრიტანეთში 2024 წელს შამპანურის გაყიდვები, განსაკუთრებით, ღირებულების თვალსაზრისით დანარჩენ ევროპაზე მაღალი იყო. დიდ ბრიტანეთში შამპანურის გაყიდვები მოცულობითი თვალსაზრისით მცირდება, რამაც 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 13,5%-ით მოიკლო, თუმცა ფულადი თვალსაზრისით 8,1%-ით გაიზარდა.
2022 წელს შამპანურზე პოსტპანდემიური მოთხოვნის ბუმი დაფიქსირდა, როცა მიწოდებების მოცულობამ 326 მლნ ბოთლს მიაღწია. თუმცა შემდეგ გაყიდვებმა კლება დაიწყო, რაც 2023 წელს 8%-ით, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში 15%-ზე მეტად შემცირდა. შედეგად მწარმოებლებმა მოსავლის შემცირება გადაწყვიტეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ