"თელასი" სხვა ორგანიზაციების მიერ კაბელების დაზიანების შემთხვევების გახშირებაზე საუბრობს

ბოლო პერიოდში გარკვეული სამუშაოების შესრულების დროს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ სს "თელასის" კაბელების დაზიანების შემთხვევები გახშირდა, რაც იწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, - ამის შესახებ ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით დაფიქსირდა "თელასის" კაბელების დაზიანების 23 შემთხვევა, რის გამოც სხვადასხვა დროს საერთო ჯამში 26 318 მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა.  "ამგვარი უპასუხისმგებლო მოქმედებები ზიანს აყენებს არამარტო "თელასს", არამედ დისკომფორტს უქმნის თბილისის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ "თელასის" ტექნიკური სამსახური ყოველთვის ცდილობს ოპერატიულად ჩაატაროს აღდგენითი სამუშოები, ხშირ შემთხვევაში ავარიის ლიკვიდაციისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კომპანია მიმართავს ყველა შესაბამის ორგანიზაციას თხოვნით, ჩაატარონ სამუშაოები "თელასთან" წინასწარი შეთანხმებით", - ნათქვამია განცხადებაში.