ალექსის ციპრასი - ეს იყო ძალიან რთული ბრძოლა

საბერძნეთის პარლამენტმა ოთხშაბათამდე უნდა მოახდინოს ევროზონის სამიტზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის პარლამენტის შემდეგ, საბერძნეთის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის რატიფიცირება ევროზონის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

"საბერძნეთი ევროზონას აღარ დატოვებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთის პარლამენტი დღეს მიღწეული ყველა შეთანხმების მიღებას შეძლებს", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროჯგუფის პრეზიდენტის იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, ბერძნული აქტივების ფონდი 50 მილიარდი ევრო იქნება. მისივე თქმით, ამ თანხიდან 25 მილიარდი ევრო მიმართული იქნება ბერძნული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის. ფონდი ევროკავშირის მეთვალყურეობის ქვეშ იფუნქციონირებს.

"ბიბისის" ცნობით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისად დამაჯერებელია თუ არა ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება იმისათვის, რომ საბერძნეთის ბანკებისთვის ფინანსური დახმარება გაზარდოს.

გერმანიის კანცელერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ წუხანდელი მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ეს გზა ძალიან გრძელი და რთული იქნება.

"ეს იყო ძალიან რთული ბრძოლა. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ რთულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ შევძელით ვალის რესტრუქტურიზაცია. საბერძნეთი გააგრძელებს ბრძოლას", - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა.