საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული მანქანების 17.5 % ჩადის, დანარჩენი კი გზაში „იჭედება“. ამაზე მოწმობს საქართველოს და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 5 440 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, ამავე პერიოდში კი საქართველოდან ცენტრალური აზიის აღნიშნულ ქვეყანაში 31 092 ერთეული გაიგზავნა.
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 40 711 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ჯამში 400.5 მლნ დოლარის ღირებულების, 2024 წელს კი ექსპორტის მოცულობამ 2.426 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტირებული მანქანების რაოდენობამ კი 106 051 ერთეული.
ამავე პერიოდში რეკორდულად გაიზარდა მანქანების ექსპორტი ყირგიზეთში. თუ 2020 წელს ცენტრალური აზის ამ ქვეყანაში მხოლოდ 931 მანქანა გაიყიდა (8.2 მლნ დოლარის), 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 34 560 ერთეული შეადგინა, შემოსავალმა კი 1.194 მლრდ დოლარი.
შესაბამისად, გამოდის, რომ თუ 2020 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში ყირგიზეთის წილი მხოლოდ 3% შეადგენდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 33%-მდე გაიზარდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ 2020 წელს ყირგიზეთში ექსპორტირებული მანქანის საშუალო ფასი 8.8 დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ღირებულებამ ერთ ერთეულზე საშუალოდ 34 600 დოლარს მიაღწია.
ახლა ვნახოთ, თუ რამდენი მანქანა შევიდა საქართველოდან ყირგიზეთში. ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში (სრული წელი უწყებას ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს) საქართველოდან ყირგიზეთში 5 440 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, ჯამში 61.235 მლნ დოლარის ღირებულების. ერთ ერთეულის საშუალო ფასმა კი 11 300 დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში 31 092 მანქანა გაიყიდა, სულ 1.076 მლრდ დოლარის ღირებულების. ერთი ერთეულის საშუალო ფასი 34 600 დოლარი იყო.
შესაბამისად, გამოდის, რომ 2024 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი მანქანებიდან მხოლოდ 17.5% ჩავიდა, დანარჩენი 25 652 მანქანა კი გზაში „გაიჭედა“.
ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების ასეთ ზრდას და თანაც ძვირადღირებულების, ექსპერტთა ნაწილი გარკვეულწილად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. როგორც ცნობილია, საქართველოდან უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში ავტომობილების ექსპორტი 2023 წლის აგვისტოდან შეჩერდა, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთთან ავტოექსპორტის აკრძალვის შეზღუდვას უკავშირდებოდა.
სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ავტომობილების ექსპორტის ზრდა ცენტრალური აზიის, განსაკუთრებით კი ყირგიზეთის მიმართულებით. თუმცა, თუ ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საქართველოდან ექსპორტირებული მანქანების 80%-ზე მეტი ქვეყანაში არ ჩადის და შუა გზაში მფლობელს იცვლის.
ანუ, საქართველოში ყირგიზი ავტოდილერები ყიდულობენ რამდენიმე ათეულ ათას ავტომობილს, თუმცა ამ ავტომობილებიდან უშუალოდ ყირგიზეთში მხოლოდ მცირე ნაწილი ჩადის. იმის გამო, რომ ყირგიზეთში მანქანები რუსეთის გავლით იგზავნება, დიდი ალბათობით დილერები შუა გზაში ამ მანქანებს, თანაც საკმაოდ ძვირადღირებულებს რუსეთის მოქალაქეებზე ყიდიან.