კახა კალაძე:  ბაქო-სუფსის მილსადენის პრობლემა დღეს არ დაწყებულა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ბაქო-სუფსის მილსადენის პრობლემა დღეს არ დაწყებულა და "ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა ხელისუფლების მხრიდან", - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე - რას გულისხმობდა იგი რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების ახალ ფორმატში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე კონკრეტულად საუბარი გაუჭირდება.  "რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის ფორმატს, ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და განსაკუთრებით, კი ეკონომიკური მიმართულებით. დღეს უკვე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანა შესაძლებელია რუსულ ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, გლეხებისთვის. პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სიტუაცია. ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა და ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, იქნება მსჯელობა გუნდში, რომ გამოინახოს რაიმე ახალი ფორმატი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისა და მისიების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.  "საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ადგილზეც იმყოფებოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდით და მივაწვდით ინფორმაციებს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო მისიებს, რომ მათ გაიგონ და ნახონ, არსებული რეალური მძიმე მდგომარეობა, რაც ადგილზე გვაქვს", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა და "ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინა ხელისფლების მხრიდან". "ეს პრობლემა 2008 წლიდან არსებობს. ომის შემდეგ BP ვერ ახორციელებს ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შემოვლას და ეს არის დაახლოებით, 1605 მეტრი. ამ დრომდე, დღემდე ამ მილსადენის ფუნქციონირებას პრობლემა არ შექმნია, იმ შემთხვევაში, თუ იქნება პრობლემა, თუ BP თავის საქმიანობას ვერ განახორციელებს, რა თქმა უნდა, დაიდება ალტერნატიული ვარიანტი", - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მილსადენი საქართველოს საკუთრებაშია, კერძოდ, გაზისა და ნავთობის კორპორაციის ბალანსზეა და "ბრიტიშ პეტროლიუმს" აქვს აღებული ფუნქციონირებისთვის.