„ჯილდო ათჯერ გაიზრდება“ - რა სიახლე დაანონსა კალაძემ და ვის შეეხება ცვლილება

„მივიღეთ გადაწყვეტილება ჯილდო 10-ჯერ გავზარდოთ და 10 ათასი ლარი გავხადოთ,“ ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია თბილისის იმ მოქალაქეებზე, ვისაც 100 წელი შეუსრულდათ. სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ 10 ათას ლარს მერიისგან.

„როგორც იცით, გვქონდა პროგრამა, თბილისის მოქალაქეებს ვისაც შეუსრულდებოდა 100 წელი, გადავცემდით ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით. ახლა კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს. შედეგად, 100 და მეტი წლის მოქალაქეებისთვის ფულადი გასაცემელი 10 ათასი ლარი გახდება.

ცნობისთვის, გასულ წელს ჯილდოს სახით დაწესებული თანხა გადაეცა 57 პირს, აქედან 23 პირს - 100 წელი, ხოლო 34-ს - 101 წელი შეუსრულდათ. მინდა ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.

ასევე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ თანხის მისაღებად უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ მოქალაქეებს ვინც 2025 წლამდე უკვე ისარგებლა ფულადი ჯილდოთი, განაცხადის დაწერა აღარ მოუწევთ და პირდაპირ დაერიცხებათ თანხა,“ - განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი