სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანია „სტროიტრანსგაზთან“ ტარტუსის პორტში ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა. ამ პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთადერთი უცხოური ბაზა მდებარეობს.
ამის შესახებ ტარტუსის საბაჟოს დირექტორმა, რიად ჯუდიმ al-Watan-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, პორტის საქმიანობიდან მიღებული მთელი შემოსავალი ახლა უკვე სირიის “საკეთილდღეოდ” მიემართება, ხოლო პორტის მომსახურე მუშები სახელმწიფო კონტროლქვეშ დაბრუნდნენ. ჯუდიმ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია და პორტის მექანიზმების მოდერნიზება არ განახორციელა. ამჯერად მოძველებულ აღჭურვილობას ხელისუფლება თავად აღადგენს.
ტარტუსის პორტის 49 წლით იჯარით გადაცემის შესახებ შეთანხმებას რუსეთის მთავრობამ სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან 2019 წლის აპრილში მოაწერა ხელი. ამასთან, „სტროიტრანსგაზთან“ გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის პირობებითაც, მოსკოვს პორტის მოდერნიზაციაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განეხორიცელებინა. თუმცა ჩადებული ინვესტიციების ოდენობა უცნობია. დამასკო მოელოდა, რომ პორტის პროდუქტიულობა წელიწადში 4-დან 38 მლნ ტონამდე გაიზრდებოდა.
ტარტუსის პორტი სიდიდით მეორეა სირიაში. იქ არსებული სამხედრო ბაზა რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე პირდაპირ წვდომას აძლევდა და, ხმეიმის აეროდრომთან ერთად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კრემლის გავლენის გაფართოების საკვანძო პუნქტი, ასევე, ჯარების, დაქირავებულებისა და იარაღის გადასროლის ჰაბი იყო.
დეკემბერში რუსეთმა ტარტუსიდან გემების გაყვანა დაიწყო. თუმცა სირიის ახალი ხელისუფლება მოსკოვს პორტიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სრულად გატანის საშუალებას ჯერ კიდევ არ აძლევს.
ამასთან, სირიის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთიდან საქონლის იმპორტი აკრძალა. მსგავსი შეზღუდვები ირანისა და ისრაელის პროდუქციაზე დაწესდა. ამის სანაცვლოდ სირიულმა მაღაზიებმა საქონლის მიღება თურქეთიდან, აშშ-დან და საუდის არაბეთიდან დაიწყეს. ახალმა ხელისუფლებამ ფინანსური ანგარიშსწორება დოლარში დაუშვა და ერთიანი საბაჟო გადასახადი შემოიღო, რაც 50-60%-ით შეამცირა. ამის მიზანი ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად ნედლეულის იმპორტის გამარტივება და მრეწველობის სტიმულირების ხელშეწყობაა.
ცნობისთვის: 8 დეკემბრის ღამეს ოპოზიციური ისლამისტური დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham-ის (HTS) მეამბოხეებმა სირიის დედაქალაქი, დამასკო აიღეს და ასადის რეჟიმი დაამხეს. თავად 59 წლის პრეზიდენტი გადადგა და მოსკოვში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მიიღო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ