რუსეთმა შესაძლოა, სურსათის ექსპორტი შეზღუდოს

რუსეთის მთავრობა მზად არის, სურსათის ექსპორტი შეზღუდოს, თუ სიტუაცია შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდება.

ამის შესახებ ვიცეპრემიერ დიმიტრი პატრუშევმა განაცხადა, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.

მისი თქმით, “ძირითადი სასურსათო პროდუქტების ეკონომიკურ ხელმისაწვდომობაზე კონტროლი გრძელდება” და თუ სიტუაცია რუსეთის ბაზრის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ განვითარდება, მთავრობა “გავლენის ბერკეტებს გამოიყენებს, რაც, მათ შორის, ექსპორტის შესაძლო შეზღუდვას გულისხმობს.”

“მართალია, ჩვენ არ გვინდა, ერთ ღამეში დავკარგოთ ის ბაზრები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ერთად მოვიპოვეთ, თუმცა სახელმწიფოს პრიორიტეტი აშკარაა: ეს არის ჩვენი მოქალაქეების სურსათით უზრუნველყოფა,” - ამბობს პატრუშევი.

ფედერაციის ვიცეპრემიერი არ ასახელებს იმ სასურსათო პროდუქტებს, რომელთა რუსეთიდან ექსპორტიც შესაძლოა, შეიზღუდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ