2024 წლის დეკემბერში jobs.ge-ზე 4 964 ვაკანსია გამოქვეყნდა, - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, თვის ჭრილში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 20.2%-ით ხოლო, ერთი წლის ჭრილში 5%-ით შემცირდა.
„ამასთანავე, 2024 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 19 011 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, დეკემბერში ყველაზე ხშირად კადრს გაყიდვების მიმართულებით ეძებდნენ, კერძოდ, ამ სექტორში გამოქვეყნებული ვაკანსიების წილი 20%-ს შეადგენდა. გაყიდვების სექტორს მოსდევდა ფინანსებისა და სტატისტიკის მიმართულება, სადაც გამოქვეყნებული ვაკანსიების წილი 18% იყო.
ამასთანავე, ვაკანსიების 17% ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის მიმართულებით გამოქვეყნდა, 12% - ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით, 4% - პროგრამირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები, სხვა სექტორებზე კი 29% მოდიოდა.