აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება მისი ადმინისტრაციის პირობებში კრიპტოვალუტას უკავშირდებოდა. ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კრიპტოვალუტა ამერიკის სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტადაც გამოაცხადა. 2025 წლის 20 იანვარს ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა და 109 ათასს გადააჭარბა, ინაუგურაციის პროცესში კი მცირედი რყევები შეინიშნებოდა. თბილისის დროით 10:30 საათზე 1 ბიტკოინის ფასი 102.8 ათას დოლარს შეადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოლოდინები და მოთხოვნა საქართველოში და დეტალებზე „კრიპტო ბაზრის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკა თოდუას ესაუბრა.
როგორც თოდუა აღნიშნავს, ბიტკოინის ფასის ზრდამ როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში, კრიპტოინდუსტრიაში მეტი ადამიანის ჩართვა გამოიწვია, მოთხოვნა კი ფასის პროპორციულად იცვლება.
„ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდული ნიშნული დააფიქსირა 20 იანვარს, მაგრამ ეს არ ხდებოდა ინაუგურაციის პარალელურად, პირიქით, ინაუგურაციის პერიოდში მცირედით კლება დაფიქსირდა როგორც ბიტკოინის, ასევე სხვა კრიპტოვალუტების. იცით, რომ ტრამპი წინასაარჩევნოდ გამოირჩეოდა პრობიტკოინის და პროკრიპტოვალუტის განცხადებებით. მისი გუნდი თვლიდა, რომ ამ ინდუსტრიაში არსებული რეგულაციები არ იყო მიზანშეწონილი, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ აშშ-მა ბიტკოინის რეზერვი შექმნას, რათა სამომავლოდ თუ მოხდება ფინანსური რყევები ან კრიპტოვალუტაზე გადაწყობა, ამერიკა უკვე მზად იყოს,“ - აღნიშნავს თოდუა.
„კრიპტო ბაზრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად კრიპტო ბაზრის მიმართ ინტერესს ზრდის ის ფაქტორიც, რომ ადამიანები საკუთარი აქტივებისთვის შედარებით სტაბილურ ვალუტას ეძებენ.
„ბიტკოინის ფასის ზრდამ განაპირობა ის, რომ უფრო მეტი ადამიანი არის ჩართული კრიპტოვალუტების მიმართულებით, მეტია ინტერესი და მოთხოვნა ფასთან პირდაპირპროპორციულია. ამ კუთხით არც საქართველოს ბაზარია გამონაკლისი, კრიპტო ბაზარს აქტიური ქომიუნითი ჰყავს, ხდება რისკების მიმოხილვა, ადამიანები ერთმანეთს აზრებს უცვლიან. არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში ეკონომიკა გარკვეული საფრთხეების წინაშე დგება, შესაბამისად, ადამიანები ეძებენ ისეთ საშუალებას, სადაც შეუძლიათ უფრო უსაფრთხოდ და სტაბილურად ჰქონდეთ აქტივები, მაგალითად სტაბილური დოლარი რომ ჰქონდეთ კრიპტოვალუტის სახით.
იცით, რომ კრიზისული სიტუაციის დროს ბანკებიდან ადამიანებს გამოაქვთ თანხები, ამ დროს ადგილი, სადაც შეუძლიათ შეინახონ თავისი აქტივები არის კრიპტოინდუსტრია,“ - განაცხადა ნიკა თოდუამ.