შრომის მონიტორთა გადამზადება დღეიდან დაიწყო

შრომის მონიტორთა გადამზადება დღეიდან დაიწყო. 5 დღის განმავლობაში 25 შერჩეულ ინსპექტორთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები იმუშავებენ.

შრომის ინსპექტორთა გადამზადების პროცესს დღეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დაესწრო. "სპეციალურად შერჩეული 25 ადამიანი ტრენინგს გაივლის, რათა კვალიფიციურ შრომის ინსპექტორებად ჩამოყალიბდნენ. ამ ტრენინგს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩაატარებენ. სულ მოკლე ხანში, ისინი შეძლებენ, რომ სრული ფორმატით განახორციელონ შრომის ინსპექტორების აქტივობები. ამ ეტაპზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაგვიწია ასეთი რეკომენდაცია, რომ პირველ ეტაპზე ეს იქნება 25 ადამიანი. თუკი საქართველოში სრულად ნახევარ მილიონამდე სხვადასხვა ფორმატისა და მიმართულების საწარმოა, პირველი წლის განმავლობაში ისინი შეამოწმებენ ამ საწარმოების 5 %-ს. შემდგომში ნაბიჯ-ნაბიჯ ეს აქტივობები მოიმატებს, გაიზრდება და დაიფარება იმ წესით, იმ ლოგიკით, რომლითაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში ვიზიტები სამუშაო ადგილებზე განხორცილდება. მონაწილეებს აგრეთვე ექნებათ ექსპერიმენტების შესაძლებლობა იმ ინსტრუმენტებით, რომლებსაც ისინი ვიზიტების დროს გამოიყენებენ, მაგალითად - კითხვარი, წერილობითი რეკომენდაციების ანგარიში და ვიზიტის შიდა ანგარიში. უწყების განმარტებით, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია გათვალისწინებულია როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასევე ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტირების სისტემის უწყებრივი გაძლიერების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, რომლისთვისაც შეირჩა 25 შრომის მონიტორი (ინსპექტორი) და ასევე შეიქმნა დამატებით ინსპექტორთა სარეზერვო ნუსხა.  "შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) აქტიურად არის ჩართული შრომის ინსპექტორატის გადამზადების პროცესში. კერძოდ, შერჩეული 25 შრომის მონიტორის (ინსპექტორის) გადამზადების მიზნით, ILO ატარებს ტრენინგს შრომის ინსპექციის შესახებ. მსგავსი სახის ტრენინგები ახალ დეპარტამენტს გახდის უფრო ოპერატიულს. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე გრძელდება მუშაობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესამუშავებლად და საკანონმდებლო პაკეტის მოსამზადებლად.

შრომის ინსპექციის ჩამოყალიბების შემდეგ, კომპანიები სურვილის მიხედვით გაივლიან გარე მონიტორინგს, რომლის შედეგადაც შემოწმდება მათი სამუშაო პირობები და შემუშავდება რეკომენდაციები სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, რის შემდეგ გაიზრდება შესაბამისობა სტანდარტებთან, შეიქმნება უკეთესი სამუშაო პირობები და უზრუნველყოფილი იქნება უფრო მდგრადი ბიზნესი. მოცემული ფაზა იქნება მარტივი და წარმოადგენს მოსამზადებელ პერიოდს სრულფასოვანი შრომის ინსპექციის შექმნისთვის", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.