საქართველოში რუსი ბიზნესმენების ვიზიტებმა ერთ წელიწადში 55%-ით მოიმატა

საქართველო 2024 წელს რუსი ბიზნესმენების საგარეო მივლინებების ქვეყნების ათეულშია.

ამის შესახებ ბიზნეს-ტურიზმის სააგენტო Aeroclub-ის კვლევაში წერია, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.

კერძოდ, საქართველო წამყვან 10-ეულს ხურავს, სადაც 2024 წელს რუს ბიზნესმენთა მგზავრობებმა, 2023 წელთან შედარებით, 55%-ით მოიმატა. თუმცა, Aeroclub-ის ექსპერტების შეფასებით, ამ მონაცემით, ანუ რუსი ბიზნესმენების მივლინებების რაოდენობის წლიური ზრდით საქართველო ჩინეთისა (+119%) და საუდის არაბეთის (+78%) შემდეგ მესამე ადგილზეა. თუმცა საუდის არაბეთი მთლიანი წილით რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და მე-18 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მივლინებების წლიური მატებით საქართველოს სამხრეთ კორეის (+55%) ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი აქვს, თუმცა მიმართულებებს შორის მთლიანი წილით საქართველოს სამხრეთ კორეაც ჩამრჩება, რომელიც რეიტინგში მე-13 ადგილზეა.

ლიდერი ჩინეთია, რომელსაც პირველი ადგილი თურქეთმა დაუთმო. კერძოდ, 2024 წელს რუს ბიზნესმენთა ჩინეთში მოგზაურობაზე მოთხოვნამ 119%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის წილი მათ მთლიან საზღვარგარეთულ მივლინებებში 2023 წლის 8%-დან შარშან 15%-მდე გაიზარდა. ყაზახეთმა მეორე ადგილი შეინარჩუნა, სადაც 2024 წელს რუსი ბიზნესმენები 10%-ით მეტად მგზავრობდნენ, ხოლო მათ უცხოურ მოგზაურობებში ქვეყნის წილი 9%-ს შეადგენს.

თურქეთი, რომელიც მანამდე წამყვან პოზიციას იკავებდა, მესამე ადგილზეა. ქვეყანამ რუსი ბიზნეს-ტურისტების 19% დაკარგა. მათ მთლიან საზღვარგარეთულ მგზავრობებში თურქეთის წილი 2023 წლის 10%-დან 2024 წელს 7%-მდე შემცირდა.

მთავარი მიმართულებების ათეულში, ასევე, მოხვდა სერბეთი (2023 წელთან შედარებით, მინუს 32%) არაბეთის გაერთიანებული საემიროები (+8%), ბელარუსი (+42%), უზბეკეთი (+28%), სომხეთი (-30%), ინდოეთი (+2%) და საქართველო (+55%).

2024 წელს უცხოურ მივლინებებში რუსი ბიზნესმენებიდან ყველაზე მეტად IT და ტელეკომ-კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც 27%-იანი წილით ლიდერობა შეინარჩუნეს. თუმცა მათი მგზავრობების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 17%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც „გლობალური სტრატეგიის ცვლილება“ სახელდება. აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნავთობგაზისა და ენერგეტიკული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც უცხოური მივლინებების რაოდენობა 38%-ით გაზარდეს. მათი წილი 12%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე ფარმაცევტული კომპანიებია, რომლის წარმომადგენელთა საერთაშორისო მგზავრობები 20%-ით გაიზარდა, ხოლო საზღვარგარეთული მივლინებების მთლიან რაოდენობაში მათმა წილმა 8%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, 2024 წელს რუს ბიზნესმენთა საგარეო მივლინებებზე მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და მათმა წილმა მთლიან კორპორატიულ ვიზიტებში 17%-ს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ