„ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობა ინდულგენცია არ არის, ვერცერთ კომპანიას სანქციებისგან ვერ დაიცავს“ - ზვიად სხვიტარიძე

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის განთავსებით ვაჭრობა ინდულგენცია არ არის და ვერ დაიცავს ვერცერთ LSE Listed კომპანიას სანქციებისგან“ - საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასანქცირდება ნებისმიერი ფიზიკური პირი, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის აშშ-ს მოქალაქე, ასევე ნებისმიერი კომპანია ადგილობრივი, თუ საერთაშორისო, რომელიც მოხვდება "მაგნიტსკის სიაში" ან სანქციები დაედება რუსეთის 14024 აქტით;

OFAC-ის სანქცირებულთა სიაში არის ორი აშშ-ს მოქალაქე და 70-ზე მეტი ამერიკაში რეგისტრირებული კომპანია, ასევე რამდენიმე ბრიტანეთის მოქალაქე და 150-ზე მეტი ბრიტანული კომპანია, ასევე სიაში არიან საფრანგეთის მოქალაქეებიც და 40-მდე ფრანგული კომპანია;

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის განთავსებით ვაჭრობა ინდულგენცია არ არის და ვერ დაიცავს ვერცერთ LSE Listed კომპანიას სანქციებისგან;

ცნობისთვის მხოლოდ 2022 წლის მარტში ლონდონის საფონდო ბირჟამ ჩახსნა თავისი ბირჟიდან 27 რუსული კომპანია, მათ შორის სბერბანკი და VTB ბანკი, მოგვიანებით იგივე მოხდა ყაზახური კომპანიების მიმართაც, მათ შორის იყო კასპი ჯგუფი და კასპი ბანკი, რომელიც გაძევებულ იქნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან“, - წერს ზვიად სხვიტარიძე.

მერი ტაბატაძე