პენტაგონი მექსიკის საზღვარზე, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცს გაგზავნის, რომ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების შესვლა აღკვეთოს.
ინფორმაციას The Washington Post აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (USCBP) დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, რობერტ სალესესი აცხადებს, რომ პირველი ტალღა საზღვარზე, მინიმუმ, სახმელეთო ჯარის 1,500 სამხედროს გაგზავნას მოიცავს, რომელიც იქ უკვე განლაგებულ 2,500 ჯარისკაცს დაემატება.
“ეს მხოლოდ დასაწყისია,” - ხაზგასმით ამბობს სალესესი, ხოლო პენტაგონში გამაართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ “კიდევ ათასობით” ჯარისკაცის გაგზავნა განიხილება და რიცხვი შესაძლოა, 10,000-მდე გაიზარდოს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს (2017-2021 წწ.) დაფიქსირდა, როცა 2018 წლისთვის საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობამ 8,000-ს მიაღწია. თუმცა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას (2021-2025 წწ.) სამხედროების რიცხვი 2,500-მდე შემცირდა.
რობერტ სალესესი დასძენს, რომ დამატებითი მოქმედი სამხედრო პერსონალი თვითმფრინავების პილოტირებისთვის გამოიყოფა, რომლებიც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს 5,500 არალეგალი მიგრანტის დეპორტაციაში დაეხმარება. ისინი USCBP-ის ძალებმა დააკავეს და კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოსა და ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში არიან დაპატიმრებული. ამასთან, საზღვრის მონიტორინგისთვის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონები გაიგზავნება.
პენტაგონის ოფიციალური პირების ცნობით, საზღვარზე განლაგებული ჯარები სამართალდამცავების ამოცანებს არ შეასრულებენ და, ძირითადად, დამატებითი ბარიერების მშენებლობით, ასევე, საზღვარზე მავთულხლართების მოწყობით იქნებიან დაკავებული.
The Washington Post-ის მიერ მოპოვებული USCBP დოკუმენტი საპატიმროებში არალეგალი მიგრანტების ტევადობის ორჯერ გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, გაიხსნება 10,000-ადგილიანი ოთხი ახალი და 700-დან 1,000 ადამიანის განსათავსებელი კიდევ 14 ობიექტი. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო დაკავების ადგილებად სამხედრო ბაზებსაც გამოიყენებს.
ცნობისთვის: 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა 200 განკარგულებას, მემორანდუმსა და ბრძანებას დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი. ერთ-ერთის მიხედვით, ტრამპმა сatch and release-ის (დაჭერა-გათავისუფლების) პრაქტიკა დაასრულა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისგან დაკავებული არალეგალი მიგრანტების გათავისუფლებას საიმიგრაციო სასამართლოში მათი საქმეების განხილვამდე გულისხმობდა. ამის სანაცვლოდ ტრამპმა „მექსიკაში დარჩენის“ პრაქტიკა აღადგინა, რომლის მიხედვითაც, მესამე ქვეყნიდან აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს მექსიკაში დაელოდებიან. ამასთან, 47-ე პრეზიდენტმა ლტოლვილთა განსახლების პროგრამები შეაჩერა და მიგრანტთა ახალშობილებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭების უფლება გააუქმა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ