იტალიაში ვენახების მთლიანი ფართობი 2000 წლიდან დღემდე 117,3 ათასი ჰექტრით, ანუ 15%-ით შემცირდა. ინფორმაციას Wine News იტალიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ბაზრის სერვისების ინსტიტუტის (Ismea) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, თუ 2000 წელს ვენახებით გაშენებული მთლიანი ფართობი 792 ათასი ჰექტარი იყო, 2023 წლის ბოლოსთვის 675 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ამ პერიოდის მინიმალური მაჩვენებელი, ანუ 637 ათასი ჰექტარი 2015 წელს დაფიქსირდა, რასთან შედარებითაც მაჩვენებელი დღემდე 4,9%-ით გაიზარდა.
2000 წლიდან ვენახების მთლიანი ფართობი 37%-ით მხოლოდ ვენეტოს, ფრიული-ვენეცია-ჯულიას და ტრენტინო-ალტო ადიჯის რეგიონებში გაიზარდა, რაც “პინო გრიჯოს” წყნარი ღვინისა და “გლერას” ცქრიალა ღვინის პოპულარობამ გამოიწვია.
Ismea-ს ექსპერტებმა ქვეყნის ტერიტორია სამ პირობით რეგიონად დაყვეს, რომლებშიც ვენახების შემცირების განსხვავებული დინამიკა შეიმჩნევა. პირველ ჯგუფში შედის რეგიონები, რომლებშიც ვენახების ფართობი, ქვეყნის მთელ ტერიტორიასთან შედარებით, ნაკლებად შემცირდა. ამ ჯგუფში არის აბრუცოს რეგიონი, ტოსკანა, ლომბარდია, პიემონტი და ემილია-რომანია. ამ რეგიონებში ვენახების მთლიანი ფართობი 3,7%-დან 14,3%-მდე დიაპაზონში შემცირდა.
მეორე ჯგუფი მოიცავს რეგიონებს, სადაც ვენახების ფართობი 15%-დან 30%-მდე დიაპაზონში შემცირდა. ამ ჯგუფში შედის აპულია, მარშე, სარდინია, სიცილია, უმბრია და ვალე დ'აოსტა.
მესამე ჯგუფის რეგიონები, როგორიც არის კამპანია, ლიგურია, ლაციო, მოლისე, კალაბრია და ბაზილიკატა, ფართობის მნიშვნელოვანი, ანუ 32,2%-დან 66,3%-მდე შემცირებით გამოირჩევა.
ვენახის ფართობების შემცირების მიზეზები მრავალფეროვანია: მაგალითად, ლიგურიასა და ვალე დ'აოსტაში ადგილობრივი რელიეფის გამო ღვინის წარმოების ხარჯი უფრო მაღალია, ხოლო სამხრეთ იტალია, განსაკუთრებით გვალვის გამო, მოსავლიანობის პრობლემების წინაშე დგას.
ინსტიტუტის მონაცემებით, იტალიის ვენახების 20%-ს მსხვილი კომპანიები მართავენ, რომლებსაც ინდუსტრიაში ინვესტირების შესაძლებლობა აქვთ.
ცნობისთვის: 2024 წლის ოქტომბერში Gambero Rosso ბორდოს, პალერმოსა და ბურგუნდიის უნივერსიტეტების მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მევენახეობის ამჟამინდელი ზონების 70%-ზე მეტი შესაძლოა, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის უვარგისი გახდეს, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილება, გვალვები და ამინდის ექსტრემალური მოვლენებია. ასეთ საფრთხეს მეცნიერები, უპირველეს ყოვლისა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებისთვის პროგნოზირებენ, როგორიც იტალია, ესპანეთი და საბერძნეთია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ